აჭარული- განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.
დავლური-დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.
ხევსურული-მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.
მთიულური-მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.
ხორუმი-ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.
სამაია-სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).
ფარცა-ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას.
ხანჯლური-ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).
ჯეირანი-ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე,ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.
კინტოური-კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.
http://ka.wikipedia.org