მოცეკვავეები

მანანა ლევანის ასული აბაზაძე (დ. 23 ივლისი, 1947) — კინომსახიობი, მოცეკვავე. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981 წ.). 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1986 წელს მიენიჭასაქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (თენგიზ აბულაძე, 1962, მერი). მონაწილეობს ფილმებში: „მაცი ხვიტია“ (გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (კარლო ღლონტი, 1968).

თენგიზ უთმელიძე - სუხიშვილების ანსამბლში 18 წლის ასაკში მივიდა, სოლისტიც გახდა და იმ პერიოდში მოღვაწეობდა, რომელსაც დიდმა ნინო რამიშვილმა ანსამბლის "ოქროს ხანა” უწოდა... რუსულ გამოთქმას თუ გადმოვაქართულებთ, უბრალოდ ბატონი თენგიზი საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა...

"სამთო-მეტალურგიული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. იმ წელს მოსკოვში სტუდენტთა და ახალგაზრდათა მე-6 მსოფლიო ფესტივალი ჩატარდა. მოცეკვავე სტუდენტთა ჯგუფები ყველა რესპუბლიკიდან შეიკრიბა. მე საქართველოდან წარგაზავნილ 150 კაციან ჯგუფში მოვხვდი. ამ ჯგუფს ჩვენი ცნობილი ხელოვანები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მოსკოვში "ლუჟნიკებში” გამოვედით და მათი თვალთახედვის არეში სწორედ მაშინ მოვხვდი. ანსამბლში მისვლა შემომთავაზეს. გამიკვირდა, რადგან პროფესიონალურად მომზადებული არ ვიყავი, ამიტომ უარი ვუთხარი, თან სწავლა მოვიმიზეზე, მაგრამ ილიკომ გადამიბირა... თბილისში რომ ჩამოვედით, ფილარმონიის ბაღში მათ სარეპეტიციო დარბაზში დამიბარა. ეს 1957 წელს იყო...”

ამის შემდეგ კი დაიწყო პროფესიონალად ჩამოყალიბების ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რასაც თან სდევდა დიდი წარმატება.

ფრიდონ სულაბერიძე - იმ მამაკაცთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც სრულად შეიგრძნო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გვერდით ყოფნის ბედნიერება, მაგრამ ცხოვრება ხომ ბევრი მოულოდნელი სასიამოვნო თუ არასასიამოვნო სიტუაციითა სავსე. თხუთმეტი წლის შემდეგ ბატონმა ფრიდონმა „სუხიშვილების“ ანსამბლი დატოვა და ანსამბლ „რუსთავში“ წავიდა, სადაც, უკვე ოცდათხუთმეტი წელია, მუხლმოუდრეკელად აკეთებს თავის საქმეს. ყველაზე დიდი დაღი მაინც უმცროსი შვილის გარდაცვალებამ დაასვა. ეს ის შემთხვევაა, როცა შენთვის სიცოცხლე აღარ ნავარდობს, როცა ირგვლივ ყველაფერი ბნელი, პატარა, უსუსური და მხდალია. ფრიდონ სულაბერიძის დღიურს ყველაზე მუქი კალმისტრით ვწერ და ვფიქრობ, რატომ ექცევა ცხოვრება ასე სასტიკად ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად, სიკეთით ცხოვრობენ და თან, ყველას უყვარს.

http://tbiliselebi.ge

ლატავრა ფოჩიანი - 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში, რომელსაც ჯერ ხელოვნების დამსახურებული მუშაკი ანტონ ჩიხლაძე, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის სახალხო არტისტი - რუბენ ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდა. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი ანსამბლის სოლისტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სახალხო არტისტი ბუხუტი დარახველიძე. ხსენებულ ანსაბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ფესტივალებში და ანსამბლის სოლისტებთან ერთად დაიმსახურა ამ ფესტივალების ლაურიატის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. 1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა ბალერინა.
შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი, გამდიდრდა და დაიხვეწა მისი საშემსრულებლო რეპერტუარის ტექნიკური და გამომსახველობითი საშუალებანი. ასრულებდა შემდეგ სოლო პარტიებს: "ქართული", "მთიულური", ყარაჩოხული", ნესტან-დარეჯანის სოლო პარტია ("ქაჯეთის ციხის აღება" შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით), "სიმდი", "აჭარული", "ცეკვა დაირით". შესრულებული აქვს ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში არსებული ქალის ყველა პარტია. ლატავრა ფოჩიანის სოლო პარტიები გადაღებულია მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა-სკალაში", "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "კორნელი სანაძე", "რუსთაველი-800", "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვა. სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე - "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - "შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - "ლატავრა" და სხვა).
ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო არტისტის (1980 წ.) საპატიო წოდებები.